რუსეთის სპეცსამსახურები არ არიან დაკავებულნი მოღალატეების ფიზიკური ლიკვიდაციით საზღვარგარეთ. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სატელევიზიო ეთერით მოქალაქეთა კითხვებზე პასუხის გაცემისას გააკეთა.
"რუსეთის სპეცსამსახურები ასეთ საშუალებებს არ იყენებენ", _ განაცხადა პუტინმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, უწევდა თუ არა მას ბრძანებების გაცემა, რომელიც საზღვარგარეთ მოღალატეების ლიკვიდაციას ეხებოდა.
"რაც შეეხება მოღალატებს, ისინი თავად ჩაფლავდებიან", _ განაცხადა პუტინმა და დასძინა - "საბჭოურ დროში, სტალინურ დროში, არსებობდნენ სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ასრულებდნენ ასეთ დავალებებს - მოღალატეთა ლიკვიდაციას. ასეთი დანაყოფები კი კარგა ხანია თავად განადგურდნენ", _ აცხადებს პუტინი.
თუმცა მისი თქმით, რიგ საზღვარგარეთის ქვეყნებში ეს პრაქტიკა შენარჩუნებულია.
"ცნობილია, რომ ისრაელის სპეცსამსახურები ასეთ მეთოდებს მიმართავდნენ. თუმცა ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ბევრს ჯერ ამაზე უარი არ უთქვამს", _ განაცხადა პუტინმა და აშშ-ში მიმდინარე წელს რუსეთის სპეცსამსახურების არალეგალი თანამშრომლების ჩავარდნა გაიხსენა, რომელიც სწორედ მოღალატეობის გამო მოხდა.
"ეს ხომ ოფიცერია! ადამიანმა უღალატა თავის მეგობრებს, ეს ის ადამიანები არიან, რომელმაც თავიანთი სიცოცხლეები სამშობლოს კვარცხლბეკზე მიიტანეს მსხვერპლად. წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს შეისწავლო უცხო ენა ისე, როგორც მშობლიური, უარი თქვან ნათესავებზე, არ გქონდეთ საშუალება ჩამოხვიდეთ ახლობლების დარძალვაზე. თქვენ უბრალოდ დაფიქრდით ამაზე", _ განაცხადა პუტინმა და დასძინა - "ადამიანმა თავისი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირა და გამოჩნდა ვიღაც საქონელი, რომელიც ასეთ ადამიანებს ღალატობს. როგორ უნდა იცხოვროს მან ამით მთელი ცხოვრება? როგორ უნდა უყუროს მან თვალებში თავის შვილებს? ღორი!" _ დაახასიათა ასეთი ადამიანები პუტინმა, რომელიც თავად მსახურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ "მომავალი მოღალატეებს არ აქვთ. როგორი 30 ვერცხლიც არ უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა, ყელში გაეჩხირებათ".