პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მას 22-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 33 წინააღმდეგი იყო.
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის პროცედურებს ეხება, დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო.
მისი განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორე მხრივ, პარლამენტისთვის ასარჩევად დადგენილი ორმესამედიანი უმრავლესობა, უნდა შემცირდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობამდე. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვე. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით, 78 ხმით მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის ივნისში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდება და საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტს ერთი წარმომადგენელი ეყოლება.