ქართული მხარე რუსეთის გენერალურ პროკურატურას მაიორ ევგენი ბორისოვის დაკავებას სთხოვს.
შესაბამისი თხოვნა ოფიციალურმა თბილისმა ნოტის სახით მოსკოვს, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით უკვე გადაუგზავნა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ნოტას თან ახლავს საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ აფეთქებებში რუსი მაიორის მონაწილეობის დამადასტურებელი მასალებიც.
"რუსეთს მივმართავთ თხოვნით, გამოიჩინოს გულისხმიერება საქმის ინტერესებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე და დახმარება აღმოგვიჩინოს. კერძოდ, რუსეთს ვთხოვთ დაგვეხმაროს: როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილი საქართველოს იმ ორი მოქალაქის დაკავებაში, რომლებიც თავს აფხაზეთს აფარებენ, ასევე დააკავოს მაიორი ევგენი ბორისოვი, დაკითხოს და დაკითხვას ქართველი სამართალდამცველებიც დაასწრონ. ეს არის ის თხოვნა, რომელიც ჩვენ ოფიციალურად გადავეცით შვეიცარიის საელჩოს", - განმარტა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად სახელმწიფოებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ტერაქტების საქმის გამოძიებაში რუსეთის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
"საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ეფუძვნება საკითხის სიმწვავეს და გამოძიების მაღალ ინტერესს და სწორედ აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთი საქართველოს მიმართვას დადებითად მოეკიდება და ქართულ მხარესთან შესაბამისი კონსტრუქციულობით ითანამშრომლებს", - დასძინა კალანდაძემ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე თხოვნით შვეიცარიის საელჩოსაც მიმართავს, რომ მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან უშუამდგომლოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-მ ქვეყანაში სექტემბერ-ნოემბერში განხოციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა, ორი კი თავს აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს. გამოძიების ინფორმაციით, აფეთქებების უკან რუსი მაიორი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ევგენი ბორისოვი დგას.