რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც სასამართლოს დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობასა და დატაცებებში, როგორც ქურდი ციხეში უნდა იჯდეს.
"მე უკვე მრავალჯერ გამომითქვამს ჩემი აზრი ამ საკითხზე, თუმცა თუკი თქვენ მიიჩნევთ, რომ მე კიდევ რამე უნდა ვთქვა, შემიძლია კიდევ გითხრათ, რომ მე, ისევე როგორც ვლადიმერ ვისოცკის ცნობილი პერსონაჟი მივიჩნევ, რომ - ქურდი ციხეში უნდა უჯდეს", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოქალაქეთა კითხვებზე პასუხის გაცემისას.
ვლადიმერ პუტინი ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ ხოდორკოვსისათვის გამოტანილი განაჩენის თანახმად, მას ბრალი ედება "დატაცებაში, საკმაოდ სოლიდურ დატაცებაში".
"საუბარია გადასახადების გადაუხდელობასა და თაღლითობაზე და გათვლა მიდის მილიარდობით მანეთზე. მართალია იქ არის პირადი გადასახადების გადაუხდელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ბრალდებაში, რომელიც მას ახლა აქვს წაყენებული გათვლა მიდის ასობით მილიარდზე", _ აღნიშნა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ხოდორკოვკის წინააღმდეგ აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმის ვადა 2011 წელს გადის. უახლოეს მომავალში კი უნდა იქნეს გამოტანილი განაჩენი მის წინააღმდეგ აღძრული მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.