საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულზე მოახდენს.
ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა ირაკლი ქავთარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ეს მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური კუთხით, რადგან ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და ინტეგრაციის პროცეს. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან დაახლებით 22 კატეგორიისთვის მარტივდება ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი და ეს თითქმის ყველა პროფესიის ადამიანზე ვრცელდება", - აღნიშნა ქავთარაძე.
რაც შეეხება შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს, დეპუტატის განმარტებით ეს ტექნიკური საკითხებია და ევროსაბჭოს მიერ ოფიციალური მიმართვის შემდეგ საქართველოს პარლამენტი რატიფიცირებას მოახდენს, ეს კი სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულზე მოხდება.