პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ვანო მერაბიშვილის, დიმიტრი შაშკინისა და კობა სუბელიანის უწყებების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილი საიდუმლოდ დარჩება. მათ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობაზე უარი განაცხადეს.
ამის შესახებ ვებგვერის www.opendata.ge წარმომადგენლებმა საიტის პრეზენტაციაზე აღნიშნეს.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების უწყებამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების" ინსტიტუტსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობაზე უარი თქვეს. ისინი ყველაზე დახურული სამინისტროები აღმოჩნდნენ", - აცხადებენ ვეგვერდის წარმომადგენლები.
მათივე განმარტებით, ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია, რომელიც სამინისტროს საბიუჯეტო, სარეზერვო და სხვა სახის ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაციის საჯაროობას უყოყმანოდ დათანხმდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორებმა თანამშრომლობა სულ 21 უწყებას შესთავაზეს, მათ შორის 4-მა უარი განაცხადა, 5-მა შესაბამის კითხვარებს პასუხი ნაწილობრივ გასცა და მხოლოდ 11-მა სახელმწიფო დაწესებულებამ მიიღო სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარების სრულად შევსების გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ფარგლებში შექმნილი ახალი ვებგვერდის www.opendata.ge
პრეზენტაცია გაიმართა.
ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტები და სარეზერვო ფონდები. ასევე ცნობილი ხდება მთავრობის წარმომადგენლების საკომუნიკაციო და საწვავზე დახარჯული ხარჯების ოდენობა და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. სწორედ პრეზენტაციაზე დასახელდება ყველაზე გამჭირვალე და დახურული სამინისტრო.
ვებგვერდზე განთავსებული მასალა ეყრდნობა მხოლოდ თავად სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას. მომავალში ვებგვერდზე ინფორმაციის მოძიების წყარო, გარდა ოფიციალური სტრუქტურებისა, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან.
ვებგვერდი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.