მოსკოვში მომხდარი არეულობის შედეგად დაკავებულია 1300-ზე მეტი ადამიანი. 12 მათგანი დაშავებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს გამოძიება. იუწყება რუსული მედია.
კიევის მოედანი
კიევის სადგურთან მდებარე მოედანზე ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციით რუსი ეროვნების რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდობასა და კავკასიური დიასპორების წარმომადგენლებს შორის "საქმის გარჩევა" იგეგმებოდა. "ომონი" მოედანზე დილიდან გამოჩნდა. სამართალდამცავები მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ. საღამოს მიუხედავად კორიდორებისა და უსაფრთხოების ზომებისა კავკასიელების ჯგუფმა და რუსი ეროვნების ახალგაზრდების რამდენიმე წარმომადგენელმა მოედნამდე მისვლა მაინც შეძლეს. ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით მოედანზე თავი მოიყარა 300-მდე აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდამ. ისმოდა ლოზუნგები - "რუსეთი რუსებისთვის", "მოსკოვი მოსკოველებისთვის". აქვე პირველი დაკავებები დაიწყო. ახალგაზრდებს ტრავმატული, ცივი იარაღი, ელექტრო შოკები და ხელკეტები აღმოაჩნდათ. ჩხუბის მონაწილე ყველა ახალგაზრდის დაკავება ვერ მოხერხდა. ამავე დროს დაახლოებით 600-მდე ახალგაზრდამ კიევის სადგურთან მდებარე მოედნიდან მსვლელობა დაიწყო. მსვლელობას თან სდევდა ნაციონალისტური ლოზუნგები. დაახლოებით ამავე დროს ნაციონალისტების ჯგუფმა 200 კაცამდე რაოდენობით კვლავ კიევის მოედნამდე მისვლა სცადა. მილიცია დაკავებებს აგრძელებდა.
მეტროსადგურები - პარკ კულტური, ზუბოვსკაია, სმოლენსკაია, პრაჟსკაია
საღამოს მეტროსაგურ "პარკ კულტურისთან" ნაციონალისტებსა და კავკასიელებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. არეულობა იყო მეტროშიც. ამ არეულობის შედეგად დაღესტნელი ახალგაზრდები დააკავეს. ჩხუბი მოხდა მეტროსადგურ სმოლენსკაიასთანაც. ნაციონალისტებისა და კავკასიელების ჯგუფები აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე იყვნენ გაფანტული და პერიოდულად ჩხუბს იწყებდნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, კავკასიელები თავს ესხმოდნენ გამვლელ რუსი ეროვნების მოქალაქეებსაც და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სულ დღის განმავლობაში მოსკოველ სამართალდამცავთა ინფორმაციით კავკასიური წარმოშობის რადიკალური ახალგაზრდობის 1346 წარმომადგენელი დააკავეს. მათივე ინფორმაციით ამოღებულია 208 დანა და 260 ისეთი საგანი რომელთა გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში იარაღად შეიძლება. წესრიგს რუსეთის დედაქალაქში 2 ათასამდე სამართალდამცავი იცავდა. მათ შორის 600 ადამიანი რუსეთის შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურე იყო. მოსკოვის სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, არეულობების შედეგად დაზარალებულია 12 ადამიანი.
სანქტ-პეტერბურგი და სამარა
რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობის აქციები მოსკოვის გარდა სანქტ-პეტერბურგსა და სამარაში გაიმართა. სანქტ-პეტერბურგის მილიციის განყოფილებაში ამჟამად გუშინ დაკავებული 60-მდე ადამიანი იმყოფება. სამარაში დაკავებულია 100 ახალგაზრდა. მათგანაც ამოღებულია ტრავმატული პისტოლეტები, დანები, კასტეტები და ხელჯოხები.