ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ყაბარდო- ბალყარეთის მუსულმანური სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელი ანას პშიხაჩევი მოკლეს. უცნობმა პირებმა იგი თავისსავე სახლთან დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაბარდო-ბალყარეთის მიმართულებით რუსეთის გენერალურ პროკურატურაში არსებული საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
"ორმა უცნობმა პირმა პშიხაჩევი სახლიდან გამოიყვანა და მას ოთხჯერ მიბჯენით ესროლეს. სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა" - იუწყება გენ პროკურატურა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.
"ეს იყო გამოჩენილი ადამიანი, რელიგიური ავტორიტეტი, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა ესტრემიზმს. ცხადია რომ მისი მკვლელობა მის აქტიურ საქმიანობას უკავშირდება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყაბარდო-ბალყარელი მუსულმანების მხარდაჭერას და გვჯერა რომ მკვლელები პასუხს აგებენ" - ნათქვამია მედვედევის განცხადებაში.