ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს დევნილების გამოსახლების საკითხის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დავითაიამ აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საახალწლოდ დევნილების საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გასახლება დაიწყო.
"ეტყობა ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამის დასკვნები ვერ გამოიტანა ნანა ფიფიას თავის დაწვის და იმ აქციების მაგალითზე, რომლიც სამინისტროს წინ ეწყობა და დაიწყო გაფრთხილებების გადაგზავა დევნილების კომპაქტურ ჩასახლების ადგილებში, სადაც ჯერ ერთი არ არის მითითებული ვინ არის განცხადების ავტორი, რადგან მას არც ბეჭედი არ აქვს და სადაც წერია, რომ როდესაც მიიღებენ აღნიშნულ გაფრთხილებას 10 დღის განმავლობაში უნდა დაცალონ შენობა. მინდა იმ ჩინოვნიკის გულში ჩავიხედო, როდესაც ეთნიკური წმენდის მსხვერპლს კიდევ ახალ ეთნიკურ წმენდას უტარებს, როგორ სძინავს მშვიდად", - აღნიშნა დავითაიამ.
დავითაია თქმით, ხელისუფლების მიერ უსამართლო ქმედებებთან დაკავშირებით, იგი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაიწყებს, ასევე ლტოლვილთა სამინისტროსგან მოითხოვს განმარტებას, რატომ უპირებენ ამ ხალხს საახალწლოდ სახლებიდან გასახლებას.
"მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის, რომელიც ანტიკრიზისულ საბჭოზე ორჯერ დავიბარეთ და ორჯერვე დაგვემალა, გასცეს პასუხი მთავრობის იმ სტრატეგის, სადაც ცალსახად წერია, რომ დევნილი, რომელიც ინტეგრირებულია ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელსაც გააჩნია სამუშაო ადგილები მისი გასახლება არ უნდა მოხდეს და იქვე უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით. მე მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი, რადგან მისი უშუალო ჩარევით არაერთხელ მოგვარდა ეს საკითხები და სხვა იმედს ამ მიმართულებით ვერ ვხედავ", - აცხადებს დავითაია.
ამასთან, ვიცე-სპიკერის თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან არ შეიცვალა დევნილებისადმი მიდგომა იგი მზად არის მათ მხარდასაჭერად აქციები გამართოს.
"სირცხვილის კორიდორებს მოუწყობ იმ ჩინოვნიკებს, ვინც ამას ჩადიან, ვინც ნანა ფიფია დაწვა და დღეს ისევ მუშაობენ. გამოძიებაც კი არ მიმდინარეობს ამ დრომდე არ არის დადგენილი რატომ მოკლეს ადამიანი. ამ მიმართულებით პროკურატურას სძინავს", - აღნიშნა დავითაიამ და აქვე დასძინა, რომ არსებობს საშიშროება, რომ მსგავსი სუიციდის ფაქტები კიდევ მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ დევნილებისთვის გაგზავნილ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ თუ ისინი 10 დღის განმავლობაში არ დატოვებენ შენობას, ასეთ შემთხვევაში პოლიცია მათ ძალით გაასახლებს.
ამასთან, დევნილებს ფართებს გურჯაანის რაიონ სოფელ ბაკურციხეში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელებში ზუმში, ლესიჭინეში ფოცხოეწვერში, ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჭკადუაში და ნარაზენში, ხობის რაიონ სოფელ ნოჯიხევში და აბაშის რაიონ სოფელ აბაშისპირში სთავაზობენ.