ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, მოსკოვი "თავკომბალად" გადაიქცა და ეს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ბრალია.
"რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ არის ძალადობრივი და ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს მოსახლეობის ეთნიკურ ჯგუფებად დაყოფას და დაქსაქსვას. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია არ აქცევს ყურადღებას იმ ნაცისტური, თუ ფაშისტური ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც ხელყოფენ ეთნიკურად არარუსი მოქალაქეების სიცოცხლეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამას რუსეთის ხელისუფლება განზრახ აკეთებს. საბოლოო ჯამში, სწორედ ამის ბრალია, რომ რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი დღეს თავკომბალად გადაიქცა", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" მოსკოვის ცენტრში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაც კი, რასაც რუსეთში აქვს ადგილი, ქვეყნის სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს.
"რუსეთში სტრუქტურული პრობლემებია და ეს თავს იჩენს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეთნიკური დაპირისპირების სახითაც", - განმარტავს ექსპერტი და არ გამორიცხავს, რომ "ეთნიკურ ნიადაგზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაწყებული უთანხმოება, კიდევ უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს".
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში კავკასიელებსა და რუსებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, მოსკოვის მილიციამ ქალაქის სხვადასხვა რაიონში დაახლოებით 1300-მდე ადამიანი დააკავა, რომლებმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სცადეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს ტრავმატული და ცივი იარაღი ჰქონდა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მილიციამ შეძლო აქციების ჩატარება და დაპირისპირება არ დაეშვა არა მხოლოდ კიევის სადგურთან, არამედ მეტროსადგურებთან "სმოლენსკაია" და "პარკ კულტური". სწორედ ამ ადგილებში იგეგმებოდა კავკასიელებსა და რუსი ეროვნების რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდობას შორის "საქმის გარჩევა".