საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელ დიპლომატ რიჩარდ ჰოლბრუკს გარდაცვალების შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მიენიჭა.
ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიის განვითარების, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ქართველი ერის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი, სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებით მსოფლიომ დაკარგა იშვიათი მშვიდობისმყოფელი, მისმა ქვეყანამ დიდი ამერიკელი და ამერიკულ ფასეულობათა დამცველი მთელ მსოფლიოში, პირადად მან კი სანდო მეგობარი დაკარგა.
"ქართველი ხალხი, სანდრა და მე ფიქრებითა და ლოცვით ახლა კატისთან ვართ, რიჩარდის შესანიშნავ ოჯახთან და მის ურიცხვ მეგობრებსა და კოლეგებთან. როგორც ელჩი, ბატონი ჰოლბრუკი საფრთხის პირისპირ იღწვოდა ყველაზე კეთილშობილი საქმეების განხორციელებისთვის და მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია ამერიკის მოკავშირეებისა და ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში. უდავოდ დაიწერება წიგნები იმის შესახებ, თუ როგორ ცვლიდა იგი ამერიკის ისტორიას საკუთარი გამჭრიახობით, გამბედაობითა და სიმტკიცით, მაგრამ მან ასევე დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაშიც", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქართველი ხალხისათვის ელჩი ჰოლბრუკი იყო გაცილებით მეტი, ვიდრე სანდო მეკავშირე ვაშინგტონში.
"ის იყო კაცი, რომელიც ზრუნავდა ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიაზე და რომელსაც კარგად ესმოდა საქართველოს, როგორც ამერიკის მეკავშირის უდიდესი პოტენციალი. როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა მხარდაჭერა, ელჩი ჰოლბრუკი წერდა: "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ერს შეუძლია გავლენა ჰქონდეს მსოფლიოს სხვა ადგილებშიც და ის, რომ არც ჩვენს მეგობრებს მივატოვებთ და არც ფასეულობებს დავთმობთ". მისი როლი ოფიციალურად იყო განსაზღვრული ავღანეთსა და პაკისტანში, იქ, სადაც ამ ერთმა ცალკე აღებულმა რეგიონმა შესაძლოა მოიცვას ყველაზე რთული პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვინაიდან იგი ავღანეთში მშვიდობის დამკვიდრებას ცდილობდა, ამ მისიის მხარდასაჭერად ამერიკის მეკავშირეებს და საერთაშორისო საზოგადოებას აერთიანებდა, რათა წინ აღდგომოდნენ ტერორიზმის საფრთხესა და დესტაბილიზაციას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ მისიამ ჩამოიყვანა იგი არაერთხელ საქართველოში. იგი ჩამოვიდა იმისთვის, რათა შეექო ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და მადლიერება გამოეხატა იმ წვლილისთვის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ავღანეთის მისიაში შეიტანა 1000 ჯარისკაცის გაგზავნით. იგი ასევე ჩამოვიდა იმისთვის, რომ გამოეხატა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მიმართ", - განმარტავს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.