პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ორბელიანების სასახლეში განაცხადა.
მან თქვა, რომ არ აპირებს ახსნას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს.
მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ იზამთ, ეს მოხდება, ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინზე.