ევროპარლამენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ამჯერად დოკუმენტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია.
ევროპარლამენტის წევრები 2008 წლის ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ფაქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.
"ჰიმანიტარული ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ შეუსრულებია "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის ანგარიშში დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ქართული სოფლების "განზრახ განადგურება" მოხდა.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ ის დიდ ხანი არ მოისხნება დღის წესრიგიდან. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთის მიმართ მუდმივად მოხდება იმის შეხსენება, რომ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და აქვს ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულოს", - განუცხადა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ქართველმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა.