საპარლამენტო ოპოზიციამ GRECO-s ექსპერტებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მათ ხარჯვითი ნაწილის გამჭირვალობაზე იყო ფოკუსირებული.
"მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რამდენად ეფექტურია ის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე. ჩვენი აზრით იყო ერთიანი, როდესაც განვაცხადეთ, რომ ეს უნდა იყოს თვითრეგულირების სფერო პოლიტიკური ორგანიზაციებიდან გამომდინარე, პარტიები თავდა უნდა აწესრიგებდნენ თავის საფინანსო მეურნეობას", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით კი პარტიების პასუხისმგებლობა არ დაიმალება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საანგარიშო პალატა სურვილის შემთხვევაში ადვილად გამოავლენს ნებისმიერი სახის დარღვევას.
GRECO საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დასკვნას და რეკომენდაციებს მთავრობისთვის მომავალი წლისთვის შეიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ქვეყანათა ერთიანობა კორუფციის წინააღმდეგ" (GRECO) ევროპის საბჭოს მიერ 1999 წელს შეიქმნა. აღნიშნული ორგანიზაცია ახორციელებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან შესაბამისობის დინამიურ შემოწმებას და მონიტორინგს. (GRECO) აფასებს ქვეყნების ანტიკორუფციულ პოლიტიკას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ რეფორმებთან დაკავშირებით.