საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების უკან დაბრუნებას თავის თავზე იღებს.
"ევროკავშირი ჩვენი მოქალაქეებისთვის ამარტივებს ვიზის მიღებას, მაგრამ ამის თანმდევი და აუცილებელი პირობაა, რომ საქართველომ თავის თავზე აიღოს იმ ადამიანების უკან დაბრუნების ვალდებულება, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენას მოინდომებენ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, ევროკავშირი ციხესიმაგრეა და იქ შეღწევა არც ისე ადვილია.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივებისა" და "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები დამტკიცდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს, ხოლო "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.