საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ვიდეო- და აუდიოჩვენებებზე დაყრდნობით დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ამის თაობაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომელზედაც დეპუტატებმა აფხაზეთის ომის დროს ადამიანთა წამებისა და ეთნოწმენდის ფაქტებთან დაკავშირებით აუდიომასალას მოუსმინეს.
კომისიის წევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმ ადამიანთა ნაამბობს გაეცნენ, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ახლობლების წამებისა და დახვრეტის ფაქტებს.
"კომისიას ამ დროისთვის 240 დაზარალებული ადამიანის ვიდეო- და აუდიოჩვენებები აქვს და ამ მასალაზე დაყრდნობით იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღება", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ.
კომისიის უახლოეს სხდომაზე სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ ეთნოწმენდის ფაქტებსაც განიხილავენ და შემდგომ მოხდება მათი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან შედარება.
"რეგიონს, სადაც ეთნოწმენდა მოხდა, არ შეიძლება XXI საუკუნეში დამოუკიდებელი სახელმწიფო ერქვას. დასჯის გარეშე ეს არ ჩაივლის, რაზედაც მოწმობს საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები", - განმარტა მალაშხიამ.