საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2011 წლის პირველი კვარტლიდან ამოქმედდება.
"გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ევროკავშირის საბჭო უახლოეს კვირებში დაამტკიცებს და ის მას შემდეგ შევა ძალაში, რაც საქართველოს მთავრობა ბრიუსელიდან შესაბამის ნოტას მიიღებს. საუბარია თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისზე", - განაცხადა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივებისა" და "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები დამტკიცდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს, ხოლო "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.
გრიგოლ ვაშაძის უწყების ცნობით, "საქართველომ უკვე დაასრულა შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. რაც შეეხება ევროპულ მხარეს, ევროკავშირის შიდა პროცედურების გათვალისწინებით, ზემოხსენებული შეთანხმებები გაიგზავნება ევროკავშირის საბჭოს შესაბამის სამსახურებში საბოლოო განხილვისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ფორმალური დასტურის მიღებისათვის, რის შემდეგაც ევროკავშირი ქართულ მხარეს დადგენილი წესით აცნობებს შიდა პროცედურების დასრულების თაობაზე".