ოპოზიცია ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილს შორის გარიგების შესახებ გაზეთ "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ერიდება. ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა უმცირესობა დუმილს ამჯობინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენმა" შეფასება ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშე თითქმის ყველა ძირითად ძალას სთხოვა, თუმცა შეფასებები ერთგვაროვანი იყო: არ სურთ ამ თემაზე საუბარი, თუმცა არც გაჩეჩილაძის უდანაშაულობაზე დებენ თავს.
"ამ საკითხში არ ვერევით და კომენტარს არ ვაკეთებთ. არ გვსურს სიტუაციაში მესამე მხარედ ჩავერთოთ. არავისთვის ღირსების მომტანი არ არის ამაზე საუბარი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას შეფასებით კი, ის თავს ვერც ერთი მხარის უდანაშაულობაზე ვერ დადებს და საქმეში მტყუან-მართალს პროცესი გაარკვევს.
"ვფიქრობთ, პროცესი აჩვენებს, ვინ ცრუობს და ვინ არა. შესაბამისი მტკიცებულებები, ალბათ, გამოჩნდება", - ასეთია ენაწყლიანობით გამორჩეული "ლეიბორისტის" კომენტარი.
ანალოგიურია "მემარჯვენეების" პოზიციაც. როგორც მამუკა კაციტაძე აცხადებს, მას "არანაირი სურვილი არ აქვს, ამ არეულ-დარეულ სიტუაციაზე რაიმე ტიპის კომენტარი გააკეთოს".
"მე ჩემი შთაბეჭდილება მაქვს ლევან გაჩეჩილაძეზედაც, ნინო ბურჯანაძეზედაც, თინა ხიდაშელზედაც და თქვენ წარმოიდგინეთ მიხეილ სააკაშვილზედაც, მაგრამ ჩემს შთაბეჭდილებებს ამ სკანდალს ვერ დავუკავშირებ, რადგან არ მინდა პროცესის მონაწილე გავხდე. ზოგადად, მედიასაშუალებებს აქვთ იმის საშუალება, რომ მოარულ ხმებზე, ეჭვებზე და დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ისაუბრონ, მათ შორის დაბეჯითებითაც. პოლიტიკოსებს კი ასეთი თავისუფლება არ გვაქვს, მით უმეტეს, როცა კოლეგებზეა საუბარი", - განმარტა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ჯობს საზოგადოებამ ყველა შეკითხვაზე პასუხი პირველწყაროდან მოითხოვოს.
რაც შეეხება "კონსერვატიული პარტიის" ლიდერ ზვიად ძიძიგურს, მისი შეფასებით, "ახლა ლევან გაჩეჩილაძეზე საუბრის დრო არ არის". "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილი კი, როგორც აღმოჩნდა, პუბლიკაციას საერთოდ არ გასცნობია.
"რა დროს ეგ არის? ლევან გაჩეჩილაძეზე ჭორაობა ბოლო 3 წელია მიმდინარეობს და ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს. აღარ არის ახლა არც ამის დრო და არც ამის ადგილი", - განმარტა ძიძიგურმა და დასძინა, რომ ოპოზიცია ერთადერთი, რაზედაც უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლების შეცვლაა.
"ხელისუფლებას ხელს აძლევს ოპოზიციურ პარტიებს შორის აჟიოტაჟი და კინკლაობა, ამიტომაც ჩვენ მის პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ", - აღნიშნა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალში" ორი დღის წინ სტატია გამოქვეყნდა, რომლის ავტორი ჯაბა ხუბუაც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე თავისი მოთხოვნები ჩამოუწერა.
"კერძოდ: "დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმენლად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10-12 მილიონი", - წერს "ასავალ-დასავალი".
გარდა ამისა, ჟურნალისტის მტკიცებით, ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენდა თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სტატიის მიხედვით, სააკაშვილმა ირონილად უპასუხა და აღნიშნა, რომ "ხიდაშელი კაბაში ჩაცმული გიგა ბოკერიაა და ის ფრთიანი ანგელოზი ტყუილად ჰგონიათ".
ამასთან, როგორც "ასავალ-დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაერიცხა, მოგვიანებით კი დანარჩენი თანხის მიღებაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.
გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.