სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა საფრანგეთის ქალაქ ანსის პარკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. დაჭრილთა შორის ოთხი ბავშვია.
დანით შეიარაღებული კაცი სამი წლამდე ასაკის ბავშვებს ანსის პარკში თავს დაესხა. ბავშვები პარკში აღმზრდელებთან ერთად სასეირნოდ იმყოფებოდნენ.
თავდასხმის შემდეგ, კაცმა დაჭრა ერთი ხანდაზმულიც. თავდამსხმელი გაქცევის დროს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალების სწრაფი რეაგირების შედეგად დააკავეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს ლაჩრული თავდასხმა უწოდა.
„ბავშვები და ერთი მოზრდილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, ერი შოკირებულია“, - თქვა მაკრონმა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ორი ბავშვისა და ხანდაზმული კაცის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი კაცია, რომელიც პოლიციას სირიელ ლტოლვილად გაეცნო.