ქართული მხარე რუსეთს საქართველოში მომხდარ აფეთქებებში რუსი მაიორის მონაწილეობის დამადასტურებელ მასალებს გადასცემს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, მასალები რუსულ მხარეს ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდზე გადაეცემა, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება.
"ვაპირებთ რუს დიპლომატებს გადავცეთ მასალები, რომელიც შეეხება რუსი მაიორის საქართველოში განხორციელებულ აფეთქებებში მონაწილეობას. ალბათ ამაზე დისკუსიაც გაიმართება", - აცხადებს უტიაშვილი.
ამასთან, მისივე განმარტებით, ხვალინდელ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივაც გაჟღერდება, რასთან დაკავშირებითაც რუსეთს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება პირველად შეეძლება.
"ხვალ პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ინიციატივა გააჟღერა. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსებს", - დასძინა მოლაპარაკებებში ქართული მხარის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.
აღიშნულის გარდა, მოლაპარაკებების მე-14 რაუნდზე ქართული მხარე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზეც აპირებს საუბარს, მათ შორის ცხინვალთან ახლოს უკანონო შეირაღების განთავსებაზე, ახალგორის მოსახლეობის აღირცხვიანობასა და მათთვის ქონების ჩამორთმევაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების ხელწყოფასა და სხვა თემებზე.
მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან კვლავ გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ახალი თანამდებობა აქვს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეობიდან - უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანეს.