ეკა ბესელიას მოძრაობა პარლამენტს მოუწოდებს გია თორთლაძის მიერ ინიცირებული "თავისუფლების ქარტია" არ მიიღოს.
"მოგიწოდებთ, არ დაუშვათ კანონპროექტის პლენარულ სესიაზე წარმოდგენილი სახით მიღება, რადგანKკანონპროექტი შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ საფრთხეს. კანონპროექტის ზოგიერთი ნორმიდან საერთოდ შეუძლებელია აზრის გამოტანა. კანონპროექტი არ პასუხობს ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში გამოყენებული იქნება როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის კიდევ ერთი ღია ბერკეტი", - ნათქვამია მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განცხადებაში.
ამასთან, ბესელიას მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის დარღვევაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის დახურულ კარს მიღმა მეორე მოსმენით მიღება უკანონობაა.'
"ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, დახურულ კარს მიღმა მიიღო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის თანახმად, "ინფორმაცია კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტგვერდზე", ამასთან, "კომიტეტის სხდომა საჯარო" უნდა იყოს. მიუხედავად რეგლამენტის იმპერატიული მოთხოვნისა, ინფორმაცია კომიტეტის დღის წესრიგის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე სხდომამდე ორი დღით არ განთავსებულა. უფრო მეტიც, დღის წესრიგში, რომელიც ინტერნეტგვერდზე სხდომამდე ორი საათით ადრე დაიდო, კანონპროექტის "თავისუფლების ქარტია" განხილვა გათვალისწინებული არ იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბესელიას მოძრაობის მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი რეალურად აშშ-ს მიერ 2001 წლის ოქტომბერში მიღებული "პატრიოტის აქტის" იდენტურ დოკუმენტს წარმოადგენს.
"თავის დროზე აშშ-ს მიერ "პატრიოტის აქტის~ მიღებამ ფართო მასშტაბიანი და მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციური შესაძლებლობის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გიორგი თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "თავისუფლების ქარტია" მეორე მოსმენით 3 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.