"ქართული პარტია" ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვას უგზავნის.
მიმართვაში პარტია ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესწავლას სთხოვს.
"გთხოვთ შეისწავლოთ რამდენად არის დაცული პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკა ჯაბა ხუბუას წერილში, რომელიც გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა და დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გამოაქვეყნოთ თქვენი დასკვნა", - ნათქვამია მიმართვაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებლების შემდეგ ხელისუფლების ზეწოლას ვერ პრესამ გაუძლო.
"ქვეყანაში არის უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად ემორჩილება ერთი ადამიანის ნებასურვილს, ფუნქციადაკარგული საკანონმდებლო ხელისუფლება უტყვი ნოტარიუსის როლს ასრულებს და სასამართლო ფაქტობრივად არ არსებობს. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად ეფექტურად და სტანდარტების შესაბამისად შეასრულებს თავის ფუნქციას მეოთხე ხელისუფლება - პრესა. სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ცენტრალური არხები პროპაგანდისტულ რუპორებად იქცნენ, ფორმალურად დამოუკიდებელი პრესის ნაწილმაც ვერ გაუძლო ცდუნებას, უღალატა საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და მმართველი რეჟიმის ადეპტად გადაიქცა. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, როგორ ეწერებიან ისინი ხელისუფლების მიერ შედგენილ სქემაში - ტელევიზიებით წარმოებული პროპაგანდის პარალელურად ფსევდოჟურნალისტები დიდი დოზებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ჭორებს და, რაც ყველაზე უარესია, ხშირად თავად თხზავენ დეზინფორმაციას. ამით ხელისუფლება ორ მიზანს აღწევს: 1. საკუთარი მედიასაშუალებებით მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს მისთვის სასარგებლო პროპაგანდისტულ კამპანიას. 2. დარჩენილ საინფორმაციო სივრცეს ავსებს ტყუილით და გამონაგონით, ანუ საინფორმაციო სივრცეს გარდაქმნის დეზინფორმაციის სივრცედ, რათა მოქალაქეებს გაუჭირდეთ სწორი დასკვნების გაკეთება", - ნათქვამია მიმართვაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული სკანდალური "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის - ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ "ჭორადაა" შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის " ხელისუფლების მიერ წარმოებული შავი პროპაგანდის ჩვეულებრივ ნიმუშს" წარმოადგენს.
"უკვე მერამდენედ ვხედავთ მცდელობას, რომ საზოგადოებას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიეწოდოს ვერაგული უტიფრობით გამოგონილი ტყუილი და არ არსებობს სიმართლის დადგენის და დამტკიცების მექანიზმი. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი უსამართლობა და უსინდისობა არის ჩადენილი ჟურნალისტიკის სახელით ადამიანების მიმართ და კიდევ ბევრის სახლთან დაიჩოქებს სიცრუით დატვირთული აქლემი, თუ საზოგადოებამ რეაგირების მექანიზმები არ გამოიმუშავა", - ნათქვამია მიმართვაში.