საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას მიიღებს.
შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის დღევანდელ სესიაზე დეპუტატი პაატა დავითაია გამოვიდა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დადებითად შეხვდა.
"ცხინვალში ახალი რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნა. უახლოს დღეებში კიდევ რამდენიმე ბაზის გახსნაა დაგეგმილი. მინდა ვთხოვო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რომ შევიმუშავოთ განცხადების ფორმა, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნის პარლამენტებს გადაეგზავნებათ", - განმარტა დავითაიამ.
დავითაიას ამ ინიციატივას დავით ბაქრაძე სხდომაზევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა.
"მოვიფიქროთ განცხადების ფორმა - შეიძლება ეს იყოს პარლამენტის, შეიძლება ეს იყოს კომიტეტის განცხადება. ამ დღეებში ვაპირებ აფხაზეთში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფასთან დაკავშირებით რამდენიმე პარლამენტს და კონგრესმენთა ჯგუფს წერილით მივმართო. შესაძლებელია, რომ ამ წერილში მეორე საკითხად ეს თემაც აისახოს", - დასძინა ბაქრაძემ.