ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ვეფხვაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან სამგზავრო სარგინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს.
როგორც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა, სარკინიგზო მიმოსვლა თბილისა და სამხრეთ საქართველოს შორის კონტაქტის ერთ-ერთ საშუალებას და წყაროს წარმოადგენდა, რომლის შეჩერებაც "პოლიტიკური შეცომაა".
"ზაფხულის შემდეგ სამხრეთ რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, ვგულისხმობ არა სატვირთო გადაზიდვებს, არამედ სამგზავრო მიმოსვლას. ვალედან თბილისში მატარებლით ჩამოსვლა 3-4 ლარი ღირს, მაშინ როცა მიკროავტობუსებით მოქალაქეებს ეს 12 ლარამდე უჯდება. გარდა ამისა, სარკინიგზო მიმოსვლა ერთ-ერთი საშუალება და წყარო იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და საქართველოს დედაქალაქს შორის კონტაქტის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სამგზავრო სარკინიგზო რეისების შეჩერება ეს არის პოლიტიკური შეცდომა. ეს საგანგაშო და საყურადღებოა", - განმარტა ვეფხვაძემ.
ამასთან, მან კოლეგებს აღნიშნულ საკითხზე დაფიქრებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ "არ შეიძლება უარი თქვა შენს უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონთან ასეთი ტიპის მიმოსვლაზე".