დასრულდა ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებისათვის კონკრეტული გეგმის შემუშავებაზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის საჭირო საკითხები. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს დეოკუპაციისათვის უნდა გადაიდგას დიპლომატიური და პოლიტიკური ქმედითი ნაბიჯები და ხაზი გაესვა აშშ სენატის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის მნიშვნელობას საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით. მხარებმა ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებაზე სხვადასხვა მიმართულებით.
ამ შეხვედრით დასრულდა ვიცე პრემიერ- მინისტრ გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში , სადაც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეებიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე შეხვდა სენატორ ჯონ მაკკეინს, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ ჰოვარდ ბერმანს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ილეანა როს ლეჰთინენს, რომელიც ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგების შემდეგ წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ხდება, ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, კონგრესმენ ჯონ ტანერს, კონგრესის წევრს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ენ ემერსონს, კონგრესის წევრ კაროლინ მაკქარტის, სენატორ როჯერ ვიკერს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ტედ პოის, კონგრესის წარმომადგენელ ელისონ შვარცს, რომელიც არის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე შეხვდა NDI-ის პრეზიდენტ კენ ვოლაკს.
გიორგი ბარამიძემ მონაწილეობა მიიღო ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტისა და პოლონეთის ეკონომიკური ფორუმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე სიტყვით გამოვიდა გერმანიის მარშალის ფონდში.
ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულმა შეხვედრებმა საერთაშორისო მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.