რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქართველი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების რეაქცია სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
„მეგონა, რომ მადლობას მეტყოდნენ“, ამის ნაცვლად კი „ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვეველი ქარიშხალი ატყდა“. „გვერდიდან ვუყურებ და ვფიქრობ: „სულ გაგიჟდნენ, თუ რა რის? რა ხდება იქ?“, - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, ეგონა, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება „არაერთხელ აყენებდა ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს“.
„მეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.
მანვე აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთი „მზად არის გაიაროს თავისი გასავლელი გზა“ და გადადგას შემდეგი შემხვედრი ნაბიჯები საქართველოსთნ. „მიუხედავად იმისა, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს ქართველ პარტნიორებს“, - აღნიშნა პუტინმა.