ENG / RUS       12+

26 მაისი - 105 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, მთავარ ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. იგი შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის აკაკი ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

მიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი იყო:

"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.

საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა;

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე.

პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო: მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი, სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე, ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული, იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი, სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი, მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 3 წელიწადს, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები

დროშა - საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ხნის განმავლობაში 1918-21 წლებში მიღებული იყო სამფერი დროშა (მარჯვნივ). დიზაინი შერჩეულ იქნა ეროვნული დროშის დიზაინის კონკურსით, რომელშიც მხატვარი იაკობ ნიკოლაძის იდეამ გაიმარჯვა. დროშა 1921 წელს საქართველოს რევკომმა გააუქმა საქართველოს ანექსიის შემდგომ და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსგადაწყვეტილებით.

გერბი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს. გერბი შექმნილია საქართველოში მოღვაწე მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ, ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით. გერბი წარმოადგენს ქართულ (მრგვალ) ფარს, რომელიც მოთავსებულია ქართულსავე, ორნამენიტრებულ 7-ქიმიან ვარსკვლავში. ფარზე, დაბლა გამოსახულია შავ ფერში მთა (კავკასიონი), რომელზეც თეთრი მხედარია აღმართული, შეყენებულ თეთრსავე რაშზე (წმინდა გიორგი). თუმცა მას არ აქვს ტრადიციული შარავანდედი თავზე და ის არავის ებრძვის (მაგ. გველეშაპს) - როგორც თავისუფალი, მშვიდობიანი სახელმწიფოს სიმბოლო.

ჰიმნი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918-1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. ის ამავადროულად პირველი ქართული ეროვნული ჰიმნია. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.

2004 წლის აპრილში, "დიდება" შეიცვალა ახალი სახელმწიფო ჰიმნით - "თავისუფლება".