რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებიულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ქმედებები "ოკუპაციის გაძლიერების მაჩვენებელია".
ასე ეხმაურება ტყეშელაშვილი მარიონეტული ცხინვალის მიერ ახალგორის ქართული მოსახლეობისთვის ქონების ჩამორთმევის პროცესის მიმდინარეობასა და აფხაზეთში ორი რუსული სამხედრო ქალაქის გახსნას.
"რუსეთი, როგორც ოკუპანტი ძალა, ახდენს რეგონში საკუთარი სამხედრო ძალის ყოფნის ინსტიტუციონალიზაციას და ამას არც მალავს. ყველა აღნიშნული ქმედებით ოკუპანტის რელაური სახე კიდევ უფრო ვლინდება. ამაში სამართლებრივი თვალსაზრისით ახალი არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად ოკუპაციის გაძლიერების მაჩვენებელია", - განუცხადა ტყეშელაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ ოკუპირევულ რეგონებში განხორციელებული ბოლოდროინდელი უკანონო ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებას შეუმჩნეველი არ რჩება.
"ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ეთნიკური წმენდის გაგრძელება და უკანონობაა. ამით ის თავის რეალურ სახეს წარმოაჩენს", - დასძინა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, ქართული მოსახლეობის აღრიცხვიანობა და მათთვის ქონების ჩამორთმევა დაიწყო. ამის პარალელურად კი ორი დღის წინ აფხაზეთში ორი რუსული სამხედრო ქალაქი გაიხსნა.