დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება თბილისის აეროპორტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ზრდის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ არ გამოიყენოს რეპრესიული საპოლიციო ღონისძიებები.
„გავრცელებული კადრებიდან დასტურდება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას და აეროპორტში შეკრებილები პროტესტს შეძახილებითა და სტვენით გამოხატავდნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარის მიხედვით, აქციის მონაწილეები კვერცხის სროლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავეს, თუმცა დაუდგენელია ყველა დაკავებული პირი არის თუ არა სამართალდარღვევის ჩამდენი.
იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული, სრულად აკონტროლებდნენ აქციის მიმდინარეობის პროცესს და ჰქონდათ სიტუაციის მართვის ყველა შესაძლებლობა, პოლიციას უნდა ემოქმედა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ნაკლები ჩარევით და არ უნდა დაეკავებინა აქციის მონაწილეები.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“, - ნათქვამია განცხადებაში.