ხვალ, 15 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც "თიანეპტინის" შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვა მომავალი წლიდან აიკრძალება.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ლაშა თორდიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების, კერძოდ კი "კოაქსილის" და "სტაბლონის" გამოყენება ხშირად არასწორი მიზნებისთვის ხდება და მას, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისე იყენებენ.
"კოაქსილის და სტაბლონის ნარკოტიკული ნივთიერებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, ხდება კანის დანეკროზება და ვითარდება კიდურების განგრინა, ასევე იწვევს სეფსისს, ტოქსიკურ ენცეფალოპათიას და სხვა. ამის გათვალისწინებით კი, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები ბრუნვიდან მთლიანად ამოღება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაყიდვა იქნება შესაძლებელი", - დასძინა თორდიამ.
"თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები სწრაფად იწვევს შეჩვევას, რის გამოც თავდაპირველად პრეპარატს დღეში 5-10 აბს ღებულობენ, ხოლო დაახლებით ერთი თვის განმავლობაში მისი მოხმარებიდან რაოდენობა 30-იდან 100 აბამდე იზრდება, რაც იწვევს მომხმარებლის ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.
პრეპარატი "კოაქსილი" კი ფართოდ გამოყენება რუსეთში, უკრაინაში და საქართველოში.
ბოლო დროს ნარკოლოგიურ კლინიკებში მედიკამენტზე მოთხოვნილება არასამედიცინო მიზნით გამოყენების თვალსაზრისით განსაკუთრებით გაიზარდა.