თბილისში წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახეობის ეკლესია აკურთხეს. ტაძრის კურთხევა და საზეიმო ლიტურღია ცურტავის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჩაატარა. წირვის შემდეგ პარაკლისი საქართველოოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა და მრევლი და ეკლესიის აღმშენებლები დალოცა.
ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის კურთხევა წმიდა მეფის ხსენების დღეს დაემთხვა და მას საქართველოს პროკურატურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ორთაჭალაში მდებარე ეკლესიის მშენებლობა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით დასრულდა.
ვახტანგ გორგასლის სახელთან დაკავშირებულია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს (V საუკუნის მეორე ნახევარი) ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ.
ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისთვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა, 13 დეკემბერი კი წმიდა მეფის ხსენების დღედ დააწესა.