დღეს, 13 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-2 მინისტერიალი გაიხსნება. მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც მიიღებს მონაწილეობას.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, მინისტერიალზე "გრიგოლ ვაშაძეს საშუალება მიეცემა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კიდევ ერთხელ ისაუბროს".
"ჩვენ ქვეყნის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ევროპელი მეგობრებისგან ადექვატურ შეფასებას ველოდებით", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება მინისტერიალის განსახილველ საკითხებს, საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ანგარიშს განიხილავენ და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება 2011 წლის მაისში, ბუდაპეშტში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს.