კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს, ცხადია, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის რეპორტაჟი პირადად არ უნახავს.
„ეს რეპორტაჟი მე თავად არ მინახავს, ეს დღეები ვარ რეგიონში, თუმცა ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მქონდა ამაზე ინფორმაცია. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოყენება შეუძლია მთავრობას საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მესმის, რომ ბატონმა კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ამ ბრალდებებს. ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.