საქართველოს ნაკრების და ბერლინის "ჰერტას" ვიცე-კაპიტანი ლევან კობიაშვილი გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-16 ტურში გოლით გამოირჩა. ბერლინელებმა "ოლიმპიაშტადიონზე" 46 ათასამდე ქომაგის თვალწინ "ერცგებირგეს აუეს" 2:0 მოუგეს და ახლა, "აუგსბურგთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბერლინელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა და გერმანული კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი დაიდო. კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 36-ე წუთზე კი პენალტი ზუსტად შეასრულა და ბერლინელთა გამარჯვებას სათავე დაუდო. "ჰერტას" უპირატესობა მე-2 ტაიმში ლასოგამ გაამყარა, ამ გამარჯვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის კლუბი ბუნდესლიგის საგზურის მაძიელთა რიგებს დაუბრუნდა.
მე-2 ბუნდესლიგის მე-16 ტურის ერთ-ერთ საწყის შეხვედრაში ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ბილეფელდის "არმინიას" უმასპინძლა და 1:0 იმარჯვა, რისი წყალობითაც 16 ქულით მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. "ვილდპარკშტადიონზე" გამართულ მატჩს 11 386 მაყურებელი დაესწრო, ერთადერთი გოლი კი 27-ე წუთზე ტიმო შტაფელდტმა გაიტანა. იაშვილმა, რომელიც მინდორზე ტრადიციულად კარლსრუელთა კაპიტნის სამკლაურით გავიდა, 90 წუთს ითამაშა.