საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნვეს საპატრიარქოს და სასულიერო პირების ჩართვას საეკლესიო თემების შესახებ გამართულ სატელევიზიო დებატებსა და საჯარო განხილვებში.
საპატრიაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული მცდელობა ახლა უკვე ახალ ფაზაში შევიდა, რაც იმითაც ვლინდება, რომ დეზინფორმაციული და ცილსმწამებლური კამპანია უკვე მასმედიის თითქმის ყველა საშუალებით მიმდინარეობს: პრესით, ტელევიზიით, ინტერნეტით...
საპატრიაქო უარყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას, "თითქოს საპატრიარქო და სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას საეკლესიო თემების შესახებ გამართულ სატელევიზიო დებატებსა და საჯარო განხილვებში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება".
"ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვიმეორებთ, რომ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია საპატრიარქოს და სასულიერო პირების ჩართვა მსგავსი ტიპის გადაცემებში, რადგან ანტიეკლესიური ძალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ მოძღვრებიც გახადონ დებატების თანამონაწილენი.
თუ რომელიმე სასულიერო პირი მაინც გადადგამს ასეთ ნაბიჯს, ეს იქნება მისი თვითნებობა და ანტიკანონიკური ქმედება.
საჭიროების შემთხვევაში საჯარო განხილვებში ოფიციალურად მონაწილეობას კვლავაც მიიღებენ ჩვენი საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვა ექნებათ", - ნათქვამია საპატრიაქოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.