უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. ასევე სამხედროები ელოდებიან შესაბამის მომენტს, რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ ეს მოხდება აპრილ-მაისში.
ამის შესახებ რეზნიკოვმა ესტონურ მედიასთან ისაუბრა.
„თქვენ ნახავთ, კონტრშეტევას. ის უკვე დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის იქნება შესაბამისი, ამას გენშტაბი გადაწყვეტს.
ასევე ყველაფერი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენთან ძალიან სველი მიწაა. შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხოებიანი მანქანების გამოყენება. ვფიქრობ მათ ვნახავთ აპრილ-მაისში“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
რაც შეეხება კონტრშეტევას, მინისტრი ფიქრობს, რომ 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო დაინახავს ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს უკრაინის სასარგებლოდ.
„დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს მოხდა კიევში, ჩერნიჰივში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ეს ყველაფერი გაგრძელდება.
ბახმუტთან დაკავშირებით, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანდ შეამცირეს რუსეთის შეტევითი პოტენციალი, რაც მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება შეინარჩუნოს სტაბილური ფრონტის ხაზი და მიეცეს დრო კონტეშეტევის მოსამზადებლად.
ამასთან, რეზენიკოვის თქმით, რუსებს ასევე არ ჰყოფნით საბრძოლო მასალა. „ისინიც დაიღალნენ, მათ განიცადეს ძალიან ბევრი დანაკარგი, ჰყავთ ბევრი დაღუპული და დაჭრილი. ყოველდღე კარგავენ სულ მცირე 500 ჯარისკაცს, მოკლულებისა და დაჭრილების სახით“, - განაცხადა რეზნიკოვმა.