პარლამენტის წევრის, გია ცაგარეიშვილის მტკიცებით, მთავრობა "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში არაკონსტიტუციური ცვლილების შეტანას გეგმავს.
როგორც ცაგარეიშვილმა კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, სავალდებულოა, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ინიციატივას ამ სახით დაამტკიცებს, მაშინ მოსახლეობის მიერ გადახდილი საფასური ნაგვის გატანაზე, უკანონო იქნება და მუნიციპალიტეტს ერთ თვეში მისი მოსახლეობისთვის უკან დაბრუნება მოუწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი უნდა გადამუშავდეს და ზედა ზღვარი გაიწეროს, რომელიც შესაბამისობაში მოვა თვითმმართველობის მიერ გაწეულ ხარჯთან.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, ნაგვის გატანაზე არსებული მოსაკრებლის ზედა ზღვარი უქმდება.
დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის - 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. კანონპროექტით კი, ეს ჩანაწერი საერთოდ უქმდება. მოქმედ კანონმდებლობაში არის ცალსახა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო ხარჯებს. კანონპროექტით კი ეს მოთხოვნაც უქმდება.