8 ქვეყანაში საქართველოს ახალი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე უმრავლესობამ ქართველი დიპლომატების მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ არც ერთი ელჩის კანდიდატურა შემთხვევით არ არის მოხვედრილი და მხარდაჭერაც სწორედ მათ წარმატებულ დიპლომატიურ საქმიანობას უკავშირდება.
განსაკუთრებული ყურადღება ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩზე, ზურაბ ჭაიბერაშვილზე გამახვილდა. დეპუტატების შეფასებით, მისი ევროსაბჭოში მოღვაწეობის შედეგად საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულ რეგიონებად გამოცხადება მოხდა, რაც ქართული დიპლომატიისთვის დიდი გამარჯვება იყო.
როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შვედეთში - პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე 84 ხმით, პოლონეთში - სლოვაკეთის ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - 84; სლოვაკეთში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი - 87; აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა - 87; ევროსაბჭოში - მამუკა ჟღენტი - 84, შვეიცარიაში - ზურაბ ჭიაბერაშვილი - 84; პორტუგალიაში გოგა გორგილაძე - 84 და ეგვიპტეში - არჩილ ძულიაშვილი - 85 ხმით დაამტკიცეს.
გეგემიური როტაციის წესით, საქართველოს 11 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება. 7 დეკემბერს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სომხეთში - თენგიზ შარმანაშვილი, ბრაზილიაში - ოთარ ბერძენიშვილი და მექსიკაში - მალხაზ მიქელაძე ელჩებად უკვე დაამტკიცა.