საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" ხელშეკრულების რატიფიცირება 83 ხმით მოახდინა.
როგორც ცნობილია, "საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" ხელშეკრულება 8 ნოემბერს გაფორმდა.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ლეგალურ ბაზას ქართული და ჩეხური ავიაკომპანიებისთვის, რათა მათ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, რეისები განახორციელონ წინასწარ დადგენილი კვოტების გარეშე.
საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ფრენის რეჟიმის ლიბერალიზება, რის გარანტიასაც ხელმოწერილი დოკუმენტი იძლევა, საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ ფრენის სიხშირე და მომსახურების ტარიფი.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ჩეხეთის მხრიდან კი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრაბმა.