„ის, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ჟურნალისტიკის დღეს, ძალიან ნათლად ასახავს და გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ პოლიტიკურ სახეს“, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 060 000 ევროს გადახდა დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის. ის აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მედიის გაჩუმებას:
„ამ ხელისუფლებას სურს ჩაახშოს, მოგუდოს თავისუფალი მედია და კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, რომ მართლმსაჯულება სწორედ ამ საქმეს ემსახურება“.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობდა აღძრული საქმეებით მოეხდინათ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება, მაგრამ არა თუ მოსამართლემ, არამედ თვითონ პროკურორმა თქვა უარი საქმის გაგრძლებაზე:
„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეეცადა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებით მისი ექსტრადირება მოეხდინათ. სადაც მართლა დამოუკიდებელია სასამართლო და პროკურატურა, თვითონ პროკურორმა თქვა უარი საქმის გაგრძელებაზე და წარმართვაზე, არა თუ მოსამართლემ რამე გადაწყვიტა, დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ, არამედ პროკურორმა გაიწვია თავიდან ეს საქმე, რადგან საფუძველი არ არსებობდა და დაინახა ამ პროკურორმა საფრანგეთში, თუ რამდენად პოლიტიზებული იყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომელიც ამ ქალბატონმა მიიღო საქართველოდან. - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
დღეს, სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.