სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს კონკურსს ელექტრონული პირადობის მოწმობის დიზაინის შექმნაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა დიზაინის საკუთარი ვერსია 27 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ მისამართზე contact@cra.gov.ge.
გასათვალისწინებელია, რომ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დიზაინი უნდა შეიცავდეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის დეტალებს, ცნობისთვის, შემდგომში აღნიშნული სიმბოლიკის ინტეგრირება უნდა მოხდეს დოკუმენტის დამცავ ნიშნებთან. დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს.
მოწმობაზე უნდა იყოს დატანილი შემდეგი მონაცემები: წინა გვერდი: მოქალაქის სახელი; გვარი; დაბადების წელი, რიცხვი, თვე; დაბადების ადგილი; პირადი ნომერი; ფოტოსურათი; პირადი ხელმოწერა;
უკანა გვერდი: მისამართი; რეგისტრაციის თარიღი; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; მოწმობის გაცემის თარიღი; მოწმობის მოქმედების ვადა.
კონკურსში გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოში ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა ძალაში შედის 2011 წლის ზაფხულიდან. მოწმობა პლასტიკური ბარათის ტიპის იქნება, რომელზეც ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი იქნება განთავსებული. მოწმობები გაამარტივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.
ID ბარათს ექნება შესაძლებლობა ჩაანაცვლოს დღეს კერძო და საჯარო სექტორში გამოყენებული პლასტიკური ბარათების უმრავლესობა, როგორიცაა: დაგროვების ბარათები, სადაზღვევო პოლისი; ავტობუსით, მეტროთი მგზავრობის ბარათები და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ საინფორმაციო სამსახურში ტელეფონის ნომერზე: 40 10 10, ან იხილეთ ვებგვერდი: www.passport@cra.gov.ge.