დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის - „შემოდგომის ლეგენდა" გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება.
კონკურსის სამ საუკეთესო ავტორს თსუ-ის მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კონკურსის თანაორგანიზატორის, კომპანია „ჯეოსელის" სახელით სპეციალური პრიზები გადაეცემა. დაჯილდოვების ცერემონიაზე ჟიურის რეკომენდაციით დასახელდებიან კონკურისის სიმპათიები, რომელთაც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და თსუ-ის გამომცემლობის ხელმძღვანელი დააჯილდოვებენ. მაღაზიათა ქსელი „პარნასი" კი, მკითხველის სიმპათიას სპეციალურ პრიზს გადასცემს; 10 დღის განმავლობაში ყველა მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია საუკეთესო ნაწარმოები და ხმა მიეცა რჩეული ავტორისათვის.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა" უკვე მეორე წელია იმართება. 29 ოქტომბერს სტუდენტური კონკურსი სლოგანით - „სამშობლო მთებო! - დაბრუნება" ყვარლის ტბის ტერიტორიაზე ჩატარდა. კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის" ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. I ტურმა სტარტი 20 სექტემბერს აიღო და ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. შიდა შესარჩევ ტურში უნივერსიტეტის ჟიურიმ 122 კანდიდატს შორის 10 საუკეთესო შეარჩია. 28 ოქტომბერს იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა ყვარლის ტბის ტერიტორიაზე ახალი ნაშრომები შექმნეს. 7 საათის განმავლობაში კონკურსანტები თემაზე - „შაქრის გარეშე" მუშაობდნენ.
წელს საუკეთესოთა შორის სამი საუკეთესო ქართველი ლიტერატორებითა და მწერლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. დაჯილდოვების ცერემონიაზე გამარჯვებულებს დავით ტურაშვილი, დავით ქართველიშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი დაასახელებენ.
ცერემონიაზე კონკურსის ორივე წლის 16 საუკეთესო ნაწარმოებებისგან შემდგარი ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართება.
ღონისძიება 10 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. (მის: თბისლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა).