დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება. მიმდინარე კვირაში გაიმართება რამდენიმე ღონისძიება ადამიანის უფლებათა დღის აღსანიშნავად.
10 დეკემბერს, 11:45 საათზე, სახალხო დამცველი წარმოადგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებებში. ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკიც დაესწრება.
10 დეკემბერსვე ზუგდიდში, საგამოფენო დარბაზში, ბავშვების ნახატების გამოფენა გაიმართება, ხოლო 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსიში" გაიმართება ვიქტორინა მოზარდებისთვის "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში".
კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.
წელს ადამიანის უფლებათა დღის საერთაშორისო თემაა: "ხმა ამოიღე, შეაჩერე დისკრიმინაცია". თავის ყოველწლიურ მიმართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა: "მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველები ხმას იმაღლებენ დისკრიმანაციის, გარიყულობის, ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ მათ სიმამაცესა და მიღწევებს მივესალმებით. სახელმწიფოების მოვალეობაა, დაიცვან ადამიანის უფლებათა დამცველები. მივმართავ ყველა სახელმწიფოს, რათა მათ უზრუნველყონ გამოხატვისა და თავშეყრის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების მუშაობის საფუძველს წარმოადგენს".