საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრმა გიორგი ბარამიძემ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჰოვარდ ბერმანთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, პრეზიდენტის ახალ სამშვიდობო ინიციატივებზე, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობაზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე.
ბარამიძემ შეხვედრა გამართა სენატორ ჯონ მაკკეინთან და ლინდსეი გრაჰამთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამასთან დაკავშირებით სენატის მიერ რეზოლუციის მიღებაზე, პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებზე და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტისადმი და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრა გამართა NDI-ის პრეზიდენტ კენ ვოლაკთან. ბარამიძე აგრძელებს შეხვედრებს კონგრესში. იგი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.