თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მესამე პლენარული სესია გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე მხარეებმა ევროკავშირთან რეგულირების სფეროში დაახლოების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გაიმართა პოლიტიკური დიალოგისა და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის; სამართლისა და საშინაო საქმეების; ასევე დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
სესიაზე ქართული დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, ევროპული მხარის დელეგაციას კი ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე იუგ მინგარელი ხელმძღვანელობდა.
სესია 8 დეკემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარე წლის 15 ივლისს ბათუმში დაიწყო, მეორე პლენარული სესია კი 11 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა.