ხვალ, 10 დეკემბერს, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე 8 ქვეყნაში საქართველოს ახალ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩებს დაამტკიცებს.
ელჩების კანდიდატურები მიმდინარე კვირას საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
გეგემიური როტაციის წესით, საქართველოს 11 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება. 7 დეკემბერს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სომხეთში - თენგიზ შარმანაშვილი, ბრაზილიაში - ოთარ ბერძენიშვილი და მექსიკაში - მალხაზ მიქელაძე ელჩებად უკვე დაამტკიცა.
რაც შეეხება დანარჩენი 8 ელჩის კანდიდატურას, ესენი არიან: შვედეთში - პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, პოლონეთში - სლოვაკეთის ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი; სლოვაკეთში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი; აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა; ევროსაბჭოში - ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს უკვე შვეიცარიაში დაიცავს; გარდა ამისა, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეშიც, სადაც, შესაბამისად, გოგა გორგილაძისა და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი.
პარლამენტის პლენარული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.