დამფუძნებელ ყრილობაზე დასახული ამოცანების შესასრულებლად სერიოზული მუშაობა დაიწყო, ეს განცხადება „ქართული პარტიის" გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ 9 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრესკონფერენცია ჟენევის ფორმატში გამართული კონსულტაციების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა.
კოკა გუნცაძის თქმით, კონსულტაციების დროს, „ქართული პარტიის" დამფუძნებლებმა იმსჯელეს პარტიის სტრატეგიული განვითარებისა და ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის („თვითმყოფადობა, უსაფრთხოება, პროგრესი") შემუშავების შესახებ, აგრეთვე პარტიის საერთაშორისო პროექტებზე.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია პარტიის პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და გაძლიერება. კერძოდ, უახლოესი ორი თვის განმავლობაში დაფუძნდება ადგილობრივი ორგანიზაციები და გაიხსნება პარტიული ოფისები თბილისის ყველა რაიონსა და ყველა დიდ სამხარეო ქალაქში: ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თელავში, გორში და ა.შ.", - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, პარტია აპირებს, 2011 წელს სერიოზულად გააძლიეროს მუშაობა რეგიონებში. ამ მიზნით, „ქართული პარტიის" ლიდერებს ექნებათ მუდმივი კონტაქტი, სისტემატური შეხვედრები საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობასთან და რიგითი მოქალაქეების მოსაზრებები, წინადადებები და პოლიტიკური დაკვეთა აუცილებლად აისახება პარტიის სამოქმედო გეგმებში.
კოკა გუნცაძის განცხადებით, ჟენევის ფორმატში გამართული კონსულტაციების დროს, პარტიის დამფუძნებლებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ამსახველი „შავი წიგნის" მომზადებისა და გამოცემის შესახებ.
„ეს იქნება კრებული, რომელშიც აღწერილი იქნება სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული. ეს იქნება მაღალტირაჟიანი, რამდენიმე ენოვანი, სააკაშვილის მამხილებელი დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული გამოცემა", - აღინიშნა პრესკონფერენციაზე. კოკა გუნცაძის განმარტებით, აღნიშნული კრებულის მეშვეობით, ნათლად წარმოჩინდება ის აუნაზღაურებელი ზიანი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მიაყენა საქართველოს.
„ქართული პარტიის" დამფუძნებლები, კონსულტაციების დროს, აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელიც „ხელს შეუწყობს დროში დეტალურად გაწერილი ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას".
„ამ დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ, რა ვადაში და როგორი კონკრეტული ნაბიჯებით შეიძლება უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა", - აცხადებს „ქართული პარტიის" გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატში კონსულტაციები „ქართული პარტიის" თავმჯდომარის სოზარ სუბარის, თანათავმჯდომარეების ირაკლი ოქრუაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის, პარტიის გენერალური მდივნის კოკა გუნცაძის და პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის მონაწილეობით ჩატარდა.