აკია ბარბაქაძის განცხადებას არაფერი აქვს საერთო საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან, ვწუხვარ, რომ ამხელა ადამიანს, როდესაც გაქვს ამხელა პასუხისმგებლობა და ამდენი ადამიანის წინაშე გამოდიხარ, სიტყვა არ უნდა გაგექცეს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პერმანენტულ აქციებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის გუშინდელ განცხადებას.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არანაირი საერთო საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან არ აქვს. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, გუშინ იყო უკრაინის სოლიდარობის დღე. ჩვენ ვთქვით, რომ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენებდა. ჩვენს შემდგომ სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაგაცნობთ მომავალ კვირაში. გეგმაზომიერად ვიმუშავებთ, რათა საქართველომ არ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, უნდა ჩამოვაყალიბოთ საბჭო, შევიკრიბებით ყველა, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი“.