საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს ტრადიციული კვირეულით აღნიშნავს.
წლის განმავლობაში საიამ 3 ძირითადი პრობლემა გამოკვეთა: სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა (ამ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შეფერხება); მედიის პრობლემა; საარჩევნო გარემოს პრობლემა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 9 დეკემბერს 21:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან გამართავს მშვიდობიან აქციას სახელწოდებით „დაიცავი ჩემი უფლება!". აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობას პროექტორით მიანათებენ იმ მესიჯებს, რომელიც რეალურად ასახავს ამ სფეროში წარმოშობილ პრობლემებს.
13 დეკემბერს 12:00 საათზე საიას საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და მედია-ექსპერტები მედიაში არსებულ პრობლემებზე (ეს საკითხი წლის ბოლოს განსაკუთრებით აქტუალური გახდა) სპეციალურ შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ.
15 დეკემბერს 12:00 საათზე საიას საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება მრგვალი მაგიდა არჩევნების თემაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. შედგება ანგარიშის პრეზენტაცია და გაიმართება დისკუსია.
ზემოაღნიშნული ღონისძიებით ადამიანის უფლებათა კვირეული დაიხურება.