პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ვიდეოპაემნების სარგებლობისას მაქსიმალური კონტროლი უნდა დაწესდეს.
მისი თქმით, აღნიშნული მოსაზრება ვიდეოპაემნებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დასკვნაში აისახება.
"მხოლოდ ვიზუალური კონტროლი საკმარისია ოჯახის წევრთან პაემნისას, "ქუჩიდან მისული" პირთან პაემნისას კი, მეტი კონტროლია საჭირო", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, იურიდიულ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ვინმე დაინტერესებულმა პირმა პატიმარზე ზეწოლა განახორციელოს და ამიტომ აუცილებელია ვიდეოპაემნისას თავად პატიმრის დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან პატიმრები ვიდეოპაემნებით ისარგებლებენ. მათ, ვისაც სურვილი ექნება მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი განახორციელოს, სასჯელაღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. საკითხს სამინისტროში განიხილავენ და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემანი შედგება. პატიმრებსა და მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობა თვეში მაქსიმუმ 8-ჯერ შეეძლებათ და ის 15-წუთიანი იქნება. თავდაპირველად ვიდეოპაემნები მხოლოდ თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებსში განხორციელდება.
ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს, რომლებსაც 10- და მეტწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.